ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.

ილია ღუდუშაურის განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

გარდა ამისა, სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებთან პერიოდულად შეხვედრები გაიმართება, სადაც დევნილი ოჯახები სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პირად გაეცნობიან.

შეხვედრას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.