ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლე აცხადებს, რომ მომხდარი მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება
ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლე აცხადებს, რომ მომხდარი მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება

ვითომ კაცები და მაგარი ბიჭები, როგორც ჩანს, ასე წყვეტენ საქართველოში ბიზნესის საქმეებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლემ, მარიკა წერეთელმა განუცხადა.

„პირდაპირ მივმართავ კრიმინალებს, ეს ამბავი უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. მე დღეს მომკლეს ჩემს ქმართან ერთად. ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა ეს ყველაფერი დამთავრდეს საქართველოში. მგონი კადრები ყველამ ნახეთ. არ ვიცნობ არავის, ვინც იყვნენ იქ. ერთადერთი ჩემი ფიქრი და გონება ის არის, გავიგო ჩემი მეუღლის მდგომარეობა და ველოდები. მე, როგორც ქალი, მოქალაქე, დედა, ვპირდები, პირდაპირ მივმართავ, მიყურებენ ალბათ ის კრიმინალები, არ ვაპატიებ. ამით წერტილი უნდა დაესვას საქართველოში ასეთ სიტუაციას, როცა დღისით, მზისით ადამიანს ქუჩაში ვერ გაუვლია“, – განაცხადა ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მეუღლემ.

მარიკა წერეთლის თქმით, მომხდარის მიზეზი მისი პირად საქმიანობას უკავშირდება.

„მე სულ სხვა ადამიანებთან მქონდა შეხვედრა დანიშნული და სულ სხვა ადამიანები მოვიდნენ. მაქვს ეჭვი, იმათი გამოგზავნილები არიან“, – აღნიშნა მარიკა წერეთელმა.

დაჭრილი მამაკაცის მეუღლის თქმით, მისი ქმარი დანით არის დაჭრილი.

„დაკითხვაზე ვისაუბრე, პროცესი როგორ იყო. გამოძიებას მივაწოდე ინფორმაცია. ნაწილი მახსოვს, ნაწილი არა. ინციდენტის მომენტში არავინ დაუკავებიათ. ეჭვი, რა თქმა უნდა ვიღაცებზე მაქვს და ვვარაუდობ, ვის შეიძლება, გამოეგზავნა ეს ადამიანები. ეს ჩემი პირადი ბიზნესის თემაა. ვითომ კაცები და მაგარი ბიჭები, როგორც ჩანს, ასე წყვეტენ საქართველოში ბიზნესის საქმეებს“, – განაცხადა ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მეუღლემ, მარიკა წერეთელმა.

ყიფშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცი დღეს დაჭრეს. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.