ყენია „საბურთალოს“ შეუთანხმდა - მოთამაშისა და ყოფილი კლუბის დავა მორიგებით დასრულდა #1TVSPORT
„საბურთალოს“ და ლევან ყენიას დავა დასრულდა – მხარეები ვალების ურთიერთგაქვითვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლუბში განუცხადეს.
ლევან ყენია „საბურთალოში“ 2019 წელს ჩაირიცხა, პანდემიის შემდეგ, 2020 წლის ზაფხულში კი დატოვა და ახალ კლუბში გადასვლა დააანონსა. ამავე დროს, მან „საბურთალოსგან“ სახელფასო დავალიანების დაფარვა მოითხოვა. თავიდან მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დავების განმხილველ კომიტეტში დააკმაყოფილეს.
ამას „საბურთალო“ კატეგორიულად არ დაეთანხმა – კლუბის ცნობით, ყენიამ „საბურთალო“ თვითნებურად დატოვა, რაც კონტრაქტის პირობების ცალმხრივად დარღვევა იყო – ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში კლუბმა საპასუხო სარჩელი სწორედ ამის საფუძველზე შეიტანა.
მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტის ცალმხრივად დარღვევის გამო, „საბურთალო“ ყენიას 500 000 ევროს სთხოვდა, რაც არასწორი გამოდგა. კლუბში განმარტეს, რომ მსგავსი პირობა კლუბის ინტერესების დასაცავად ჩაიდო, რეალურად კი ამხელა თანხის მიღებას არ ფიქრობდნენ.
საბოლოოდ დავის განხილვაზე მოთამაშის ოფიციალური წარმომადგენელი დათანხმდა „საბურთალოს“ შეთავაზებულ წინადადებას ვალების გაქვითვის თაობაზე და დავა ამით დასრულებულია.