ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს აქციებზე 500 ადამიანი დააკავეს
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საპროტესტო გამოსვლებზე 500 ადამიანი დააკავეს. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარატ კოჟაევმა განაცხადა, არასანქცირებული საპროტესტო გამოსვლები ალმათისა და ნურსულთანში გაიმართა.
„ორი ქალაქის ქუჩებში იყო ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობები“, – განაცხადა კოჟაევმა.
აქციის მონაწილეებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს. ისინი ყაზახეთის მოქალაქეებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ, რადგან აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ განსაზღვრულია.
თითქმის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა, თავის შემცვლელად კი სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი დაასახელა. ამასთან, ნაზარბაევმა შეინარჩუნა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელისა და საკონსტიტუციო საბჭოს წევრის თანამდებობები.
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ხმების 70 პროცენტზე მეტი აქვს.