ყაზახეთის პარლამენტმა ასტანისთვის „ნურსულთანის“ დარქმევას მხარი დაუჭირა
ყაზახეთის პარლამენტმა ორი მოსმენით დედაქალაქ ასტანის „ნურსულთანად“ გადარქმევას მხარი დაუჭირა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე მიიღო.
დედაქალაქისთვის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სახელის მინიჭების ინიციატივა ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ეკუთვნის. ახლა ტოკაევმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.
ამასთან, ტოკაევი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ნურსულთან ნაზარბაევის სახელი მიენიჭოს ყაზახეთის რეგიონული ცენტრების ყველა მთავარ ქუჩას. ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელი აცხადებს, რომ ნაზარბაევი დარჩება ქვეყნის ერთადერთ მუდმივ ხელმძღვანელად, მის აზრს კი პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას.
ტოკაევი ასევე ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოვიდა.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას არჩევნებამდე, ანუ 2020 წლის აპრილამდე შეასრულებს.