ყაზახებმა „სამგურალს“ უხეში თამაში დაუპირისპირეს - წყალტუბოელებმა გამარჯვება ხელიდან გაუშვეს
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული წყალტუბოს „სამგურალი“, შესაძლოა, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიც გახდეს – ამაზე უჩა სოსიაშვილის მიერ შეკრებილი შემადგენლობა და თურქულ შეკრებაზე ნაჩვენები შედეგები და თამაშის ხარისხი მეტყველებს.
თურქულ შეკრებაზე ორ საკმაოდ ძლიერ გუნდს შეხვდნენ და ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს – ჯერ ბულგარულ „არდასთან“ (0:0), ახლა კი – ყაზახეთის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან ყარაღანდის ,,შახტართან”.
მოულოდნელად, მატჩი დაძაბული და ძალიან უხეში გამოდგა. ყარაღანდელებმა წყალტუბოელებს უხეში თამაში დაუპირისპირეს. ისინი მეტოქეებს უმიზეზოდ და ლამის ყველა სათამაშო ეპიზოდში ეუხეშებოდნენ. სპარინგში დუღილის ტემპერატურა ისე აიწია, მსაჯმა სამი წითელი და არაერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა, „სამგურალის“ ფეხბურთელები კი ტრავმას რამდენჯერმე გადარჩნენ.
წყალტუბოელები მთელი მატჩის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდნენ და მიჰყავდათ ანგარიში, გოლის გატანაც არაერთხელ შეეძლოთ. მე-16 წუთზე სერგო კუხიანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. წყალტუბოელებმა დაწინაურება სამ წუთში მაინც შეძლეს. კუხიანიძის პასის შემდეგ, გუნდის კაპიტანმა პაპუნა ფონიავამ ზუსტად დაარტყა და „სამგურალი“ დააწინაურა. 22-ე წუთზე, კვლავ კუხიანიძეს ჰქონდა მომენტი, თუმცა მისი თავური დარტყმა კარს ასცდა. ცოტა ხანში კარის მიმართულებით დათო კირკიტაძემ გაისროლა. პირველი ტაიმი„სამგურალის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ უჩა სოსიაშვილმა მეკარის გარდა მთელი გუნდი გამოცვალა და ქართულმა გუნდმა მატჩის მეორე ნახევარში არაერთი მომენტი შექმნა, კარგად უტევდა გრიგოლ დოლიძე, სახიფათო იყო დემურ ჩიხლაძის საჯარიმო დარტყმაც, რომელიც ყაზახთა მეკარემ მოიგერია. 77-ე წუთზე დემურ ჩიხლაძეს ანგარიშის გაზრდა მართებდა, მაგრამ შანსით მანაც ვერ ისარგებლა და „სამგურალი“ ამისთვის დაისაჯა – ყაზახებმა თავიანთი ერთადერთი რეალური შანსი გოლად აქციეს – 85-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით წყალტუბოელთა კარი არსენ ხუბულოვმა აიღო და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
შახტარი – სამგურალი 1:1
08.02. ბელეკი. ამხანაგური მატჩი
გოლები: 0:1 ფონიავა (19), 1:1 ხუბულოვი (85)
სამგურალი: მეშველიანი, მჭედლიშვილი, ასათიანი, ტურე, პატარკაციშვილი, ლექვთაძე, გაზდელიანი, კუხიანიძე, კირკიტაძე, ფონიავა
მეორე ტაიმში შევიდნენ: ახვლედიანი, კიკაბიძე, ბურჯანაძე(ქურდაძე), ბანძელაძე, თევზაძე, გილმორი, დოლიძე, ვერულიძე, ჩიხლაძე, ბუხაიძე, კალანდარიშვილი