„ყარაბაღმა“ „ფერენცვაროში“ დაამარცხა - გუგეშაშვილი სკამზე დარჩა, ხარაიშვილი განაცხადში არ იყო #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – უნგრულმა „ფერენცვაროშმა“ აზერბაიჯანულ „ყარაბაღს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და გორის „დილას“ ყოფილი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონის სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო „ფერენცვაროშის“ განაცხადში ჯერ არ არის გიორგი ხარაიშვილი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და მოედანზე დაბრუნებისთვის ემზადება.
უმნიშვნელოვანეს საპასუხო დაპირისპირებაში უნგრეთის ჩემპიონმა პირველ მატჩში დაფიქსირებული სასურველი ანგარიშით (გასვლაზე 1:1) ვერ ისარგებლა. „ყარაბაღმა“ ბუდაპეშტის „გრუპამა არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მეტოქე დაჯაბნა და დამაჯერებლად დაამარცხა.
„ფერენცვაროშის“ კარი მე-7 წუთზე აბდელა ზუბირმა აიღო, მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა კი იბრაჰიმა ვაჯიმ დუბლით (53, 78) გაზარდა, ადამ ტრაორეს გოლმა (86) უნგრელებს მხოლოდ ანგარიშის შემცირების და დიდი ანგარიშისგან თავის დაღწევის საშუალება მისცა – 1:3.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის რაუნდში „ყარაბაღი“ „ვიქტორიას“ (ჩეხეთი) შეხვდება, რომელმაც „შერიფი“ (მოლდოვა) დაამარცხა. დამარცხებული „ფერენცვაროში“ ევროპის ლიგის პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას, სადაც „შემროკ როვერსს“ (ირლანდია) შეხვდება, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპი“ დაამარცხა.