„ყარაბაღი“ პრესსამსახურის უფროსის ანტისომხურ გამონათქვამს გაემიჯნა
„ყარაბაღი“ პრესსამსახურის უფროსის ანტისომხურ გამონათქვამს გაემიჯნა

აზერბაიჯანული საფეხბურთო გუნდი „ყარაბაღი“, რომლის წინააღმდეგაც უეფა-მ ანტისომხური პოსტისთვის საქმის გამოკვლევა დაიწყო, კლუბის პრესსამსახურის უფროსის გამონათქვამს გაემიჯნა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული კლუბ „ყარაბაღის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნურლან იბრაჰიმოვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მოწოდება, რომ ყველა სომეხი მოეკლათ. ამის შემდეგ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს მიმართა, რომ „ყარაბაღი“ გაერიცხა ევროპის ლიგიდან.

„ყარაბაღის“ განცხადებაში წერია, რომ გუნდის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნურლან იბრაჰიმოვმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად გააკეთა.

„აზერბაიჯანის ქალაქ განჯასა და ბარდას მშვიდობიანი მოსახლეობის სომხეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად ქალები და ბავშვებიც გარდაიცვალნენ. ამის შედეგად ჩვენი კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნურლან იბრაჰიმოვმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და ემოციები ვერ შეიკავა. გამოაქვეყნა პოსტი ფეისბუქზე აგრესორი ქვეყნის ხალხთან დაკავშირებით ისეთი სიტყვების გამოყენებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის და ყარაბაღის გუნდის პრინციპებს. ნურლან იბრაგიმოვმა ეს პოსტი მოგვიანებით წაშალა და აღიარა, რომ იგი ცდებოდა. ეს არ ასახავდა გუნდის პოზიციას და მას არც კლუბი უჭერს მხარს“, – წერია „ყარაბაღის“ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ გუნდის პრესატაშე დაისჯება: „აზერბაიჯანის კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმე აღძრეს. საქმეს იკვლევენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 388-1.1.1 მუხლით და სასამართლო იბრაგიმოვის წინააღმდეგ შესაბამის სასჯელს გამოიტანს. ამასთანავე, „ყარაბაღი“ თავადაც განიხილავს ნურლან იბრაჰიმოვის მოქმედებას და მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სასჯელს გამოიყენებს“.

ამავე დროს, „ყარაბაღი“ კლუბის წარმომადგენლებს მიმართავს, მსგავსი საჯარო განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„ასეთ მგრძნობიარე პერიოდში კლუბის თანამშრომლებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი პუბლიკაციებისგან, დაიცვან ჰუმანიზმის პრინციპები და სრულად დაიცვან ქვეყნის კანონები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.