წყალტუბოში ფეხბურთი ბრუნდება - „სამგურალი“ გულშემატკივრებს თანადგომისკენ მოუწოდებს #1TVSPORT
წყალტუბოში ფეხბურთი ბრუნდება - „სამგურალი“ გულშემატკივრებს თანადგომისკენ მოუწოდებს #1TVSPORT

წყალტუბოში ფეხბურთი ბრუნდება. 26 მაისის სახელობის სტადიონზე სამუშაოები ევრო 2023-ის გამო მიმდინარეობდა, ახლა კი საფეხბურთო არენა თამაშის მისაღებად მზად არის და „სამგურალი“ „გაგრას“ უმასპინძლებს.

საქმე ისაა, რომ წყალტუბოს ,,სამგურალს“ საკუთარ მოედანზე თითქმის 2 თვეა არ უთამაშია. ჩემპიონატის განახლების შემდეგ გუნდმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი ჩაატარა – „თელავთან“ 1:1 და „სიონთან“ 0:0. ახლა კი გუნდი საკუთარ არენას უბრუნდება და 27 აგვისტოს 23–ე ტურის შეხვედრაში „გაგრას“ უმასპინძლებს.

სამგურალი“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და უახლოეს მდევარ გორის „დილას“ 4 ქულით უსწრებს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ქალაქში დაბრუნებასთან დაკავშირებით, გუნდმა გულშემატკივრებს მიმართა და მნიშვნელოვან შეხვედრაში თანადგომა სთხოვა.

ევროტურნირებისკენ მიმავალ გზაზე „გაგრასთან“ გამარჯვება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება. სტადიონზე მოსვლითა და გულშემატკივრობით თქვენ შეგიძლიათ მე–12 მოთამაშის როლი შეასრულოთ და საყვარელ გუნდს დიდი სამსახური გაუწიოთ. გთხოვთ, 27 აგვისტოს გავავსოთ 26 მაისის სახელობის არენა და მხარი დავუჭიროთ „სამგურალს” ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“, – წერია კლუბის განცხადებაში.

სამგურალი“ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში „გაგრას“ 27 აგვისტოს უმასპინძლებს. მატჩი წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ 17:30 საათზე დაიწყება.