წყალტუბოს სტადიონზე საფარის შეცვლა იწყება #1TVSPORT
წყალტუბოს სტადიონზე საფარის შეცვლა იწყება #1TVSPORT

წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. იცვლება მოედნის საფარი, რომელიც გაცილებით მაღალი ხარისხის მინდორით ჩანაცვლდება და მომავალ ჩემპიონატში „სამგურალი“ განახლებულ არენაზე ითამაშებს, – ინფორმაციას „სამგურალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

2023 წელს საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მართალია, წყალტუბოში ტურნირის თამაშები არ გაიმართება, მაგრამ ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ევრო 2023-ის მონაწილე გუნდები დაბინავდებიან და ივარჯიშებენ.

სტადიონის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო და პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად გადაწყდა. პირველად მოეწყო 500 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, პრესის, ოპერატორებისა და VIP ლოჟები, შემოიღობა სტადიონის ტერიტორია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, სტადიონზე დაიგო ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდება ტაბლო, სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. მაგრამ საფარი შეილახა და მისი გამოცვლა ხელახლა გადაწყდა. სტადიონის მოწესრიგება გრძელდება და გასულ წელს ტრიბუნები დაემატა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, 3500 კაცზე იქნება გათვლილი.