წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი ლუკა შეროზია დაიმატა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი ლუკა შეროზია დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს ,,სამგურალი“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. პირველ ამხანაგურ შეხვედრას გუნდი 28 იანვარს გორის ,,დილასთან“ გამართავს.

ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებთანაც კონტრაქტები გაახანგრძლივეს და დაიმატეს. „სამგურალთან“ ხელშეკრულება ორი წლით გაახანგრძლივა 23 წლის მეკარემ, ნოდარ ყალიჩავამ, რომელიც გუნდში 2022 წლიდან თამაშობს.

წყალტუბოელებმა ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემტევი, თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი ლუკა შეროზია დაიმატეს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეროზია 19-წლამდელთა „ოქროს ლიგის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირია. გასულ წელს თბილისის „დინამო“ 2-ში ითამაშა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მოლდოვასთან სწორედ ლუკა შეროზიას დუბლით გაიმარჯვა (2:1) და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

ასევე, სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 22 წლის ნახევარმცველთან, ირაკლი ჯანჯღავასთან, რომელიც მარტვილის „მერანის“ აღზრდილია.

მეკარე ლევან შოვნაძე კი ერთწლიანი იჯარით „გაგრაში“ ითამაშებს. ის „სამგურალის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.