წყალტუბოს „სამგურალი“ ერევნის „პიუნიკთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი“ ერევნის „პიუნიკთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT

დღეს წყალტუბოს „სამგურალმა“ ამხანაგური მატჩი სომხეთის ვიცე-ჩემპიონის, ერევნის „პიუნიკის“ წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:7.

თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში გამართულ მატჩში „პიუნიკი“ უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. ანგარიში ლევონ ვარდანიანმა მე-20 წუთზე გახსნა, ხოლო ლუკას ვილელამ 32-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში სომხებმა კიდევ ხუთი გოლი გაიტანეს, რასაც წყალტუბოელებმა 57-ე წუთზე მხოლოდ ერთით უპასუხეს (ბარტულ მარკოვინა) და „სამგურალმა“ 1:7 წააგო. როგორც „პიუნიკის“ ვებგვერდი წერს, ერევნის გუნდმა მოიპოვა „დიდი გამარჯვება ქართულ „სამგურალთან“ ამხანაგურ მატჩში“.

„პიუნიკი“ სომხეთში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. მან 15-ჯერ მოიგო სომხეთის სუპერლიგა, რვაჯერ – ქვეყნის თასი და სამჯერ – სუპერთასი. გასულ წელს გუნდმა უეფა-ს კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. „პიუნიკის“ შემადგენლობაში ბევრი ლეგიონერია.

„სამგურალს“ ახალგაზრდული ნაკრების წევრები ნოდარ ლომინაძე და ნიკა ხორხელი ვერ ეხმარებოდნენ, ორი დღის წინ კი გუნდი ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ დატოვა, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგებას ვერაფერი გაამართლებს.