წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ქართველი დელეგატი დაინიშნა | ბუდაპეშტი 2020
ქართული წყალბურთის კიდევ ერთი მნიშნელოვანი წარმატება. ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის წყალბურთის კომიტეტის წევრი ალექსანდრე ბითაძე წყალბურთში ევროპის 2020 წლის ფინალური მატჩის დელეგატად დაინიშნა. ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როდესაც ამ დონის ტურნირის ფინალურ შეხვედრაში დელეგატი ქართველი იქნება.
წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი, რომელიც კონტინეტის 34-ე ჩემპიონს გამოავლენს, მასპინძელ უნგრეთსა და ესპანეთს შორის დღეს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ალექსანდრე ბითაძე – „პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართველ გულშემატკივარს ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე. ყველა აღნიშნავს ბოლო წლებში ჩვენი გუნდის დონის მატებას. რაც შეეხება ქართული წყალბურთის კიდევ ერთ წარმატებას, ევროპის ჩემპიონატის ფინალის დელეგატობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ძალიან რთული იქნება, რადგან პირველად ვარ ფინალზე, მომიწევს ყველაფრის გაკონტროლება. ეს ნამდვილად არის ქართული წყალბურთის აღიარება ევროპაში“.