რევაზ ჩომახიძე - მეორე ნახევარში ის თამაში ვაჩვენეთ, რაც პირველი წუთებიდან უნდა გვეჩვენებინა | ბუდაპეშტი 2020 (ვიდეო)

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდმა მორიგი შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებთან გამართა.

რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხება ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა ბერძნების გამარჯვებით, ანგარიშით –  17:10  დასრულდა.

საქართველოს პირველ არხთან თამაში დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა,  რევაზ ჩომახიძემ კომენტარი გააკეთა: „თავიდან თამაში სუსტად დავიწყეთ. თავიდანვე გასაგები იყო, რომ მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერია. მეორე ნახევარში სერიოზულად მოვუმატეთ და ის თამაში ვაჩვენეთ, რაც უნდა გვეჩვენებინა პირველივე წუთებიდან.

ევროპის პირველობაზე ამ განწყობით თამაში, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ფავორიტს ხვდები, არ შეიძლება. ამ ტურნირზე საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ამოცანები გვაქვს. დაცვაში მეტი აგრესია გვჭირდება და საერთოდ დაცვა უნდა იყოს უკეთესი.

თუ ვინმე ჩვენზე უკეთესი იქნება, მოიგებენ, ჩვენ ხელს ჩამოვართმევთ და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით, მაგრამ ასეთი დაწყება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება.“

საქართველო-საბერძნეთის მატჩზე კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა ზურა რურუამაც გააკეთა: „ვფიქრობ, რომ თამაში ცუდად დავიწყეთ. ზოგადად, საერთო ჯამში, ალბათ უფრო დადებითად შევაფასებდი, მაგრამ ძალიან ცუდად დავიწყეთ და ეს გამოსაწორებელი გვაქვს მომავალ შეხვედრებში. თავიდანვე უნდა შევიდეთ ისეთ რიტმში, რომ ასე ცუდად არ დავიწყოთ. წინ პლეი ოფი გველის და ჩვენთვის იქ უფრო მნიშვნელოვანი თამაშებია. ბერძნებმა კი თამაში უფრო ტემპში დაიწყეს და ეს ალბათ უფრო გამოცდილების ამბავია“.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, იტალიასთან 18 იანვარს გამართავს.  მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და ბუდაპეშტიდან პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.