წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „დუბროვნიკთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „დუბროვნიკთან“ დამარცხდა #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში თბილისის „დინამომ“ „დუბროვნიკს“ უმასპინძლა.

ხორვატული კლუბი, რომელიც წყალბურთში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია, რა თქმა უნდა, ფავორიტად მიიჩნეოდა.

„დუბროვნიკმა“ ფავორიტის სტატუსი ბოლომდე გაამართლა და მთელი მატჩი ხორვატების სრული დომინაციით წარიმართა. პირველ მეოთხედში სტუმრებმა ორი უპასუხო გოლი გაგვიტანეს, მეორე მეოთხედი 0:3 დასრულდა და თბილისის „დინამომ“ პირველი გოლის გატანა მხოლოდ მესამე მეოთხედში მოახერხა, ხორვატებმა კიდევ ოთხი გოლი მიითვალეს და ანგარიში 1:9 გახდა. „დინამომ“ ყველაზე კარგად მეოთხე მეოთხედი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა, სამი გაუშვა.

საბოლოოდ, მატჩი „დუბროვნიკის“ გამარჯვებით დასრულდა – 12:5. თბილისის „დინამოს“ სამ მატჩში სამი წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, ჯგუფს კი „პრო რეკო“ ლიდერობს. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას სწორედ ჯგუფის ლიდერთან გამართავს და „პრო რეკოს“ პირველ ნოემბერს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში ტურნირი განახლებული სისტემით ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს (შეხვედრები შინ და სტუმრად გაიმართება), ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან.

ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.

თბილისის „დინამოს“ დარჩენილი მატჩების კალენდარი:

1 ნოემბერი | „დინამო“ – „პრო რეკო“

22 ნოემბერი | „ოლიმპიაკოსი“ – „დინამო“

6 დეკემბერი | „დუბროვნიკი“ – „დინამო“