წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | ანდრია ბითაძე - „დინამოს“ აქვს პოტენციალი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდეს
თბილისის „დინამოს“ წყალბუღთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტურის მატჩში მონტენეგროს „იადრანი“ 11:8 დაამარცხა. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში.
სამი გოლი გაიტანა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ანდრია ბითაძემ, რომელმაც მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ეს ჩვენი მეორე წელია ჩემპიონთა ლიგაში, ამიტომ ამ დიდ სცენაზე ჯერ კიდევ ახალი გუნდი ვართ. შარშან 10 მატჩში მხოლოდ სამი ქულა ავიღეთ საფრანგეთის „მარსელის“ დამარცხებით. წლეულს კი ჩვენი მიზანია თამაშის ხარისხის გაუმჯობესება, მეტი მოგება და ქულების მოგროვება. ვფიქრობ, რომ „დინამოს“ აქვს კარგი პოტენციალი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდეს. ჩვენ, უბრალოდ, დრო გვჭირდება და კარგი სავარჯიშო პირობები. ეს ბედნიერი დღეა საქართველოს წყალბურთისთვის, ამ ახალგაზრდა გუნდისთვის, რადგან „იადრანთან“ გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლიგაზე პირველი სამი ქულა მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბოლო არ იქნება“.