წყალბურთი - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გერმანიასთან მატჩით დაასრულებს (ფოტოამბავი)
პარასკევს, 24 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის ბოლო შეხვედრას გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში მეცხრე ადგილს დაიკავებს, რაც ჩვენი გუნდის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველობაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო, როდესაც საფრანგეთი 9-7 დაამარცხა, შემდეგ კი ორი მატჩი წააგო საბერძნეთთან და იტალიასთან, თუმცა პლეიოფში მაინც გავიდა, სადაც რუსეთთან მინიმალური სხვაობით, 13-14 დათმო.
ამის შემდეგ ჩვენი გუნდი მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო და პირველ მატჩში თურქეთის ეროვნულ გუდს აჯობა 12-6, ხვალ კი, გადამწყვეტ შეხვედრაში, გერმანიის ნაკრებთან გაარკვევს ურთიერთობებს.
საქართველო-გერმანიის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ბუდაპეშტიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.