წყალბურთი | ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა მასპინძელი ხორვატია 11:10 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოხერხა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
პირველი მეოთხედი საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, გუნდები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, რაც ხორვატებს უკეთ გამოუვიდათ და პირველი მეოთხედი 5:3 მოიგეს.
მეორე მეოთხედში ესპანელებმა თამაში გამოასწორეს, ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მესამე მეოთხედის დასაწყისში კი ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. თუმცა ბოლო მეოთხედის წინ ხორვატები კვლავ ორი ბურთით გავიდნენ წინ – 10:8.
ბოლო მეოთხედში ესპანელებმა თამაშის გადასარჩენად დიდი ძალებით შეუტიეს, შეხვედრის დასრულებამდე 48 წამით ადრე მოახერხეს წინ გასვლა, საბოლოოდ კი შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს და, ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვეს.
ფინალამდე, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა უნგრეთი 12:7 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა.