წურწუმია და აბულაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
წურწუმია და აბულაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ხუთ წონით კატეგორიაში დაიწყო ასპარეზობები.

კონტინენტის პირველობაზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ხუთი სპორტსმენი – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც ორნი – წურწუმია და აბულაძე ტურნირის ფინალში იჭიდავებენ.

წურწუმიამ ნახევარფინალში მოლდაველი არტიომ დელეანუ დამაჯერებლად, ანგარიშით 9:0 დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის შეხვდება.

 

ასევე წარმატებულად ასპარეზობს კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდა ლერი აბულაძეც, რომელმაც ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში გერმანელ კინსინგერს ბოლო წამებზე 6:2 სძლია და ხვალ ფინალური ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

 

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ჩვენი სპორტსმენები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.