წლის შემაჯამებელ ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია
წლის შემაჯამებელ ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელ ტურნირზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და ორივე ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა.

ბოლო ნახევარფინალისტი გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მან უშუალო კონკურენტი ალექსანდრ ზვერევი ორ სეტში დაამარცხა და რუს დანიილ მედვედევთან ერთად გავიდა პირველი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე.

ჯოკოვიჩმა გერმანელის დამარცხებას საათი და 38 წუთი მოანდომა – 6:3, 7:6(4). საერთო ჯამში, ბრძოლა საკმაოდ თანაბარი გამოვიდა: სერბს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ერთი გამოიყენა, გერმანელმა – სამი ბრეიკ-პოინტიდან ყველა გაანიავა.

მაშ ასე, შაბათს, პირველ ნახევარფინალში, რომელიც თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება, ნოვაკ ჯოკოვიჩი და დომინიკ ტიმი შეხვდებიან ერთმანეთს. ამ დაპირისპირებაში 8:4 წინ არის სერბი ჩოგბურთელი. ღამის 12 საათზე კი ფინალისთვის ითამაშებენ რაფაელ ნადალი და დანიილ მედვედევი. აქ ესპანელი ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს იგებს.