წითლები, გაფუჭებული პენალტები და ბევრი გოლი ლიგა 2-ში - „სამტრედიამ“ მესამე ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT
წითლები, გაფუჭებული პენალტები და ბევრი გოლი ლიგა 2-ში - „სამტრედიამ“ მესამე ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 26-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა, რომელიც უხვგოლიანიც გამოდგა, დაძაბულიც და მატჩებს უხეშობაც არ აკლდა. მთავარმა არბიტრებმა სამი მოთამაშე გააძევეს, ორ შემთხვევაში კი მეტოქეებმა პენალტით ვერ ისარგებლეს.

ტური 26


ვიტ ჯორჯია – მერანი თბ 2:3


გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართული დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. ანგარიში მასპინძლებმა მე-19 წუთზე ზურაბ ჭავჭანიძის ზუსტი დარტყმით გახსნეს. მაგრამ 36-ე წუთზე ზვიად ქანთარიამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო გურამ ლუკავამ (44) შესვენებამდე „მერანი“ დააწინაურა.

სტუმრები 55-ე წუთზე რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან ლუკა თოლორდავა გაუძევეს. „ვიტ ჯორჯიამ“ ამით ისარგებლა და ზურაბ ჭავჭანიძემ (74) წონასწორობა აღადგინა. მაგრამ კაცნაკლულმა „მერანმა“ მაინც მოიგო. გადამწყვეტი გოლი „ვიტ ჯორჯიას“ ნიკა ხეცურიანმა (90+4) გაუტანა.


სამტრედია – სპაერი 2:1


„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „სამტრედიამ“ ისეთი მატჩი მოიგო, რომელიც მისთვის წარუმატებლად დაიწყო და დიდი შანსი იყო, ერთ-ერთ ლიდერთან წაეგო. სიენდა მატენჯვამ მე-14 წუთზე „სპაერი“ დააწინაურა, ხოლო ლევან პაპავას 42-ე წუთზე სტუმრების უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

ყველაფერი 52-ე წუთზე შეიცვალა. „სამტრედიელთა“ მცველმა ვარლამ კილასონიამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 2 წუთში კი სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ – არბიტრმა მოედნიდან ბექა შუბითიძე გააგდო.

„სამტრედიამ“ რიცხობრივი უპირატესობა 65-ე წუთზე შედეგში ასახა – მეტოქის კარი მეორედ დათო კირკიტაძემ აიღო და გუნდი დააწინაურა. 85-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა გიორგი ვარდიძემსპაერის“ მეორე მოთამაშე, რომან კიკალიშვილიც გააძევა და „სამტრედიამ“ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა. თუმცა, კიდევ ერთის გატანის შანსით ვერ ისარგებლა – სტუმართა კარში დანიშნული პენალტი 90+3-ე წუთზე სირილ ჩამბამ ვერ გამოიყენა.

„სამტრედიამ“ მარტვილის „მერანის“ (2:1) და თბილისის „მერანის“ (4:1) შემდეგ ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი გუნდი დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შანსს ინარჩუნებს.

26-ე ტურის ბოლო ორი შეხვედრა კვირას, 16 ოქტომბერს გაიმართება:

რუსთავი – მერანი მრ

15:00. ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი – თბილისი

გარეჯი – შუქურა

15:00. ცენტრალური – საგარეჯო