წითელმა Tesla-მ შესაძლოა, კოსმოსში დედამიწისეული ბაქტერიები წაიღო
წითელმა Tesla-მ შესაძლოა, კოსმოსში დედამიწისეული ბაქტერიები წაიღო

თებერვლის დასაწყისში, კომპანია SpaceX-მა მისი მფლობელის, ელონ მასკის პირადი ავტომობილი Tesla კოსმოსში გაუშვა. როგორც ირკვევა, მანქანას შეიძლება თან გაჰყვა დედამიწისეული ბაქტერიებიც.

NASA-ში ფუნქციონირებს სპეციალური დეპარტამენტი, პლანეტარული დაცვის ოფისი, რომელიც სხვა პლანეტურ სხეულებზე გაგზავნილი ხომალდების სტერილურობაზეა პასუხისმგებელი. ინვაზიურ სახეობათა მსგავსად, დედამიწისეულმა ორგანიზმებმა შეიძლება სხვა პლანეტაზეც იფეთქონ და მოსპონ ადგილობრივი ორგანიზმები.


„თუკი მარსზე არსებობს ადგილობრივი ბიოტა (ბუნებრივი ზონები), სარისკოა მისი დაბინძურება დედამიწისეული სიცოცხლით. თუმცა, უცნობია, როგორ მოერგება დედამიწისეული ორგანიზმები მარსის გარემოს“, — ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის დედამიწის, ატმოსფეროსა და პლანეტარულ მეცნიერებათა პროფესორი ჯეი მელოში.

თუმცა, პლანეტარული თავდაცვის ოფისის რეგულაციები არ ეხება ხომალდებს, რომლებიც ორბიტაზე რჩებიან. იქიდან გამომდინარე, რომ Tesla-ს ოდესმე სადმე დაჯდომა განზრახული არ ყოფილა, გაშვებამდე მისი სტერილიზაცია არ მომხდარა.

„რადიაციულ გარემოში, ძრავი კიდევ უფრო დაბინძურდება. მანქანები სუფთად აწყობილი არაა. ასეც რომ იყოს, სისუფთავეს და სტერილურობას შორის დიდი განსხვავებაა“, — ამბობს მელოში.

არსებობს შანსი, რომ Tesla ოდესმე მარსს დაეცეს, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა. მანქანა მოძრაობს მზის გარშეო, ორბიტაზე, რომელიც დედამიწისა და მარსის ორბიტებს კვეთს. სავარაუდოდ, საბოლოოდ ის მაინც დედამიწას დაეცემა, მაგრამ ამ მომენტამდე მილიონობით წელიწადი გვაშორებს.


ექსტრემალური ტემპერატურების, დაბალი წნევისა და გაუფილტრავი კოსმოსური რადიაციის გამო, კოსმოსი ძალიან არასტუმართმოყვარე გარემოა ცოცხალი ორგანიზმებისათვის. თუმცა, ასეთი გარემოც კი, მათთვის ყოველთვის მომაკვდინებელი როდია. ზოგიერთი ბაქტერია კოსმოსურ ვაკუუმში იძინებს და შემდეგ კვლავ იღვიძებს, როგორც კი ხელსაყრელ გარემოში მოხვდება.

ალინა ალექსეენკო პერდიუს უნივერსიტეტის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის პროფესორია. მუშაობს ლაბორატორიაში, რომელიც სპეციალიზებულია ლიოფილიზაციაზე (ბიოლოგიური მასალის გაუწყლოვანების მეთოდი მისი გაყინვისა და შემდგომ ვაკუუმში გაშრობის გზით). ლიოფილიზაციის ტექნოლოგია გამოიყენება ვირუსული ვაქცინების, ბაქტერიებისა და ბიოფარმაცევტული პრეპარატების გრძელვადიანი შენახვისთვის. ზუსტად მსგავს პროცესს გამოცდიან კოსმოსში მოხვედრილი ცოცხალი ორგანიზმები.

„თუკი Tesla-ს თან გაჰყვა ბაქტერიები, თავისუფლად შესაძლებელია ისინი ბიოსაფრთხედ მივიჩნიოთ, მაგრამ ამავე დროს, ისინი წარმოადგენს დედამიწისეული სიცოცხლის სარეზერვო ასლებსაც“, — აღნიშნავს ალინა ალექსეენკო.

მომზადებულია purdue.edu-ს მიხედვით

დატოვე კომენტარი