„წითელი ჯვარი“ ადასტურებს, რომ ასლან ჯიოევი ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს
„წითელი ჯვარი“ ადასტურებს, რომ ასლან ჯიოევი ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს

„წითელი ჯვარი“ ადასტურებს, რომ ასლან ჯიოევი ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს, – ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაია ქარდავამ პირველ არხს განუცხადა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასლან ჯიოევი 7 ივნისს ნამდვილად იქნა ჩვენ მიერ გადმოყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში. ​2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” ახორციელებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამას, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. პროცედურა არის მკაცრად გაწერილი, კონკრეტულად, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცხინვალში უკავშირდებიან პაციენტის ოჯახის წევრები, მსგავსი მოთხოვნით.

როგორც წესი, ისინი ითხოვენ გორის ან თბილისის საავადმყოფოებში პაციენტების გადაყვანას. ​მოლაპარაკებებსა და ფორმალურ მხარეში ჩვენ ნამდვილად არ ვმონაწილეობთ. ჩვენი ცხინვალელი კოლეგები გვიკავშირდებიან, შესაბამისი ინფორმაციით ჩვენ ვუკავშირდებით საქართველოს ხელისუფლებას, უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის სამინიტროს.

როგორც წესი, ეს არის გადაუდებელი შემთხვევების პროგრამა და პაციენტებს ესაჭიროებათ სპეციალური ტრანსპორტით გადმოყვანა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენი როლი გულისხმობს უსაფრთხოდ გადმოყვანას. ​სამართალდამცველები გადმოყვანის პროცესში არ ერთვებიან“, – განუცხადა მაია ქარდავამ პირველ არხს.

ღუდუშაურის კლინიკაში ადასტურებენ, რომ 7 ივნისს, ოკუპირებული ცხინვალიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

„ჩვენთან როცა გადმოდის პაციენტი, არის პირველ რიგში პაციენტი, იდენტიფიკაცია ხდება მხოლოდ შემდეგ“, – განაცხადა კლინიკის დირექტორის მოადგილე მარინა გელანტიამ.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, თუ პირის მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი, თუ ის არის ეჭვმიტანილი, ან არის მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, ცხადია, ხდება სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით.  ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი პაციენტის ვინაობაზე ციხელაშვილს არ უსაუბრია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასლან ჯიოევი, რომელიც ფილიპ ხაჩიროვის პირადი დაცვის უფროსია, 7 ივნისს ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ლუდვიგ ხაჩიროვის ძმა.