ღუდუშაურის კლინიკაში ადასტურებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს
ღუდუშაურის კლინიკაში ადასტურებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს

ღუდუშაურის კლინიკაში ადასტურებენ, რომ 7 ივნისს, ოკუპირებული ცხინვალიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს კლინიკის დირექტორის მოადგილე მარინა გელანტიამ განუცხადა.

ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

„ჩვენთან როცა გადმოდის პაციენტი, არის პირველ რიგში პაციენტი, იდენტიფიკაცია ხდება მხოლოდ შემდეგ“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

კ​ითხვაზე იყვნენ თუ არა სამართალდამცველები კლინიკაში მისული, მარინა აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები არ გატარებულა.

„7 ივნისს, გამთენიისას ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია ტრავმა, გულმკერდის არეში დაჟეჟილობა, ტვინის დაჟეჟილობა, ამასთანავე ქალაფუძის მოტეხილობა, სასწრაფო წესით გადაიყვანეს საოპერაციოში, რის შემდეგაც აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში.

პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისთვის ფასდება როგორც სტაბილურად მძიმე და აგრძელებს მკურნალობას. როგორც გვითხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მიერ ცხინვალიდან იქნა გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასლან ჯიოევი, რომელიც ფილიპ ხაჩიროვის პირადი დაცვის უფროსია, 7 ივნისს ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ლუდვიგ ხაჩიროვის ძმა.

აღნიშნულ საკითხზე ცოტა ხანში კომენტარის გაკეთებას გეგმავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.