წელის ტკივილი ადამიანთა 60 პროცენტს აწუხებს და ამის მიზეზი ძირითადად ხერხემლის გამრუდებებია — #1tvმეცნიერება
წელის ტკივილი ადამიანთა 60 პროცენტს აწუხებს და ამის მიზეზი ძირითადად ხერხემლის გამრუდებებია — #1tvმეცნიერება

ცხოვრების გარკვეულ მომენტში, წელის ტკივილი ჩვენგან 60%-ზე მეტს შეეხება. ეჭვგარეშეა, რომ ის ქმედუუნარობის შეზღუდვის წამყვანი მიზეზია მთელ მსოფლიოში.

ადამიანის ხერხემალი 33 ძვლისგან შედგება, რომლებსაც მალებს უწოდებენ; ისინი ერთმანეთზეა დაწყობილი.

ასე აწყობილი სვეტი ხუთ სეგმენტად იყოფა: კისრის, გულმკერდის, წელის (მუცლის ღრუს დონეზე) და გავის (აერთებს მენჯთან). მეხუთე, კუდუსუნი მდებარეობს ხერხემლის სულ ძირში და დაზიანების შემთხვევაში, ძლიერ მტკივნეულია.

მალებს ერთმანეთთან მრავალი სახსარი აერთებს, მათ შორის დისკები, რომლებიც ხერხემალს მრავალი მიმართულებით მოძრაობის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ხერხემალი შეიძლება სწორი ჩანდეს, ის ბუნებრივად იხრება წინ და უკან, რათა შეასრულოს თავის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია.

თუმცა, მრავალმა სხვადასხვა მდგომარეობამ ხერხემალი შეიძლება იმაზე მეტად გაამრუდოს, ვიდრე უნდა იყოს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ტკივილი, არამედ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც.

ხერხემალს სხეულის წონაც უჭირავს, იცავს ზურგის ტვინს და სხეულს მიხვრა-მოხვრასა და მობრუნებაში ეხმარება. გულმკერდის რეგიონი ნეკნებზეა მიბმული და ბუნებრივად იხრება უკანა მიმართულებით — ამ მრუდს გულმკერდის კიფიოზი ეწოდება.

თუმცა, ზოგჯერ, გულმკერდის კიფიოზის მრუდი უფრო გამოკვეთილი და ხილული ხდება; ხშირად ამის მიზეზია ოსტეოპოროზი (როცა ძვლები სუსტდება), ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ზურგის კუნთებსა და მალებში ან ხანგრძლივი ცუდი პოზა.

ამ მდგომარეობის სამედიცინო სახელია ჰიპერკიფოზი, რასაც ზოგჯერ „ქვრივის კუზსაც“ უწოდებენ, რადგან ის დაახლოებით 2-4-ჯერ უფრო გავრცელებულია ქალებში.

მოხრილი პოზა დახრილი მხრებით (კუზის გამოჩენა), როგორც წესი, ჰიპერკიფოზის ნიშანია. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება იმდენად გამწვავდეს, რომ გავლენა იქონიოს სუნთქვაზე, რადგან მკერდი სათანადოდ ვერ იბერება. გავლენა შეიძლება მოახდინოს ყლაპვაზეც, რადგან კისერი უფრო ჰორიზონტალური ხდება და საყლაპავი შესაძლოა შევიწროვდეს.

რა თქმა უნდა, ჩნდება ტკივილი და შებოჭილობაც. ეს საკითხი აწუხებს ხერხემლის პათოლოგიური გამრუდების მქონე პაციენტების უმეტესობას, რადგან მალები მოძრაობის უნარს კარგავენ და და ტვინიდან გამომავალი ნერვები შეიძლება შეიკუმშოს.

დეფორმაციის კიდევ ერთი ტიპი, რომელიც ხერხემლის სვეტში ხდება, გავლენას ახდენს არა მხოლოდ მის წინ და უკან მოხრაზე, არამედ გვერდიდან გვერდზე გადახრაზეც.

სქოლიოზი მაშინ ჩნდება, როცა მალები ან გვერდულად მრუდდება, ბრუნავენ ერთმანეთთან მიმართებაში, ან მაშინ, როცა ისინი კოლაფსირდება. შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა სახის დეფორმაცია, რომელიც ცვალებადია ზომისა და სიმწვავის მიხედვით.

სკოლიოზის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ ბევრია. ზოგჯერ ძვლები დეფორმირდება ტრავმის, კიბოს ან ინფექციის (მაგალითად, ტუბერკულოზი) შედეგად. სკოლიოზი შეიძლება თანდაყოლილიც იყოს ან გაჩნდეს სიცოცხლის ადრეულ წლებში ნევროლოგიური დარღვევების, მაგალითად, ცერებრალური დამბლის შედეგად.

ზურგის ტკივილის გარდა, პაციენტებმა შეიძლება ასევე შეამჩნიონ სკოლიოზის პოზური ნიშნები. შეიძლება უფრო მეტად გამოიკვეთოს მხრების პირები და ნეკნები, სხეულს სხვანაირად მოერგოს სამოსი.

ტრავმის, ცვეთის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო, ზოგჯერ შეიძლება გადაადგილდეს ხერხემლის ცალკეული მალებიც. შედეგად, ჩვეულებრივ წყობაში დგომის ნაცვლად, მალა წინ იწევს და ხაზიდან ვარდება. ამ მდგომარეობას საკმაოდ გრძელი და რთული სახელი აქვს — სპონდილოლისთეზი.

ასეთმა გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვის ჩაჭყლეტა. თუკი წელ-გავის ნერვი — ყველაზე დიდი ადამიანის სხეულში — ჩაიჭყლიტება, შეიძლება გამოიწვიოს წელ-გავის რადიკულიტი. ამის სიმპტომებია ტკივილი, ჩხვლეტისა და ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება ფეხის ან დუნდულის უკანა ნაწილში.

წელის ქვედა ნაწილში მდებარე მალები ზოგჯერ შეიძლება ერთმანეთთს პათოლოგიურად შეერწყას. დაავადება, რომელსაც მაანკილოზებელ სპონდილიტს უწოდებენ, იწვევს ანთებას ხერხემლის სახსრებსა და დისკებში, რომლებიც დროთა განმავლობაში მკვრივდება. ამ დაავადების კიდევ ერთი სახელია ბამბუკის ხერხემალი, რადგან გახისტებული და მოუქნელი ხერხემალი ბამბუკის მყარ ღეროს ემსგავსება.

წელის ტკივილის მართვა

ამ დაავადებების და მათ მიერ გამოწვეული ტკივილის მართვა დიდწილად დამოკიდებულია დეფორმაციის ზომაზე და პირველ რიგში გამომწვევ მიზეზზე. ხერხემლის მცირე დეფორმაციაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.

მაგალითად, სქოლიოზის შემთხვევაში, ახალგაზრდა პაციენტებში მცირე დეფექტების სამკურნალოდ შეიძლება ეფექტიანი იყოს ბრეკეტები, რომლებიც ზრდის პარალელურად ახდენს ხერხემლის კორექციას. თუმცა, ზოგჯერ საჭიროა კორექციული ქირურგია, რომლითაც ასწორებენ უფრო დიდ, ისეთ დეფორმაციებს, რომელთა წინაშეც ბრეკეტებმა არ იმუშავა.

სიბერეში ხერხემლის პრობლემების პრევენციისათვის ასევე მნიშვნელოვანია სხეულის პოზისა და ძვლების ჯანმრთელობის მხედველობაში მიღება. სოლიდურ ზომებს შორის ასევე არის ვარჯიში ძლიერი ზურგისა და მხრების ჩამოსაყალიბებლად და მოხრილი ჯდომის თავიდან აცილება. მნიშვნელოვანია წინააღმდეგობრივი ვარჯიში და დაკავშირებული დაავადებების მართვაც, როგორიცაა ოსტეოპოროზი.

სხვა სიტუაციებში, მაგალითად, ზედმეტად შეკუმშული, გაბრტყელებული და ჩაჭყლეტილი ნერვების შემთხვევაში, დეკომპრესიისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

თქვენი ხერხემალი ნამდვილი არქიტექტურული საოცრებაა. ის სულაც არაა სწორი და უდრეკი სვეტი — მას იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე შეიძლება გეგონოთ. თუმცა, ამ უნიკალურ სტრუქტურას შეუძლია პრობლემების გამოწვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბუნებრივი მრუდები დეფორმაციად გადაიქცევა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.