ვწუხვარ, მაგრამ გადადგომას არ ვაპირებ - „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს #1TVSPORT
„რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და უარყო ჭორები ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.
79 წლის პერესმა სამშაბათს სასწრაფო პრესკონფერენცია მოიწვია და გამოაცხადა „რეალის“ პრეზიდენტის პოსტზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.
„ვწუხვარ, მაგრამ მე არ ვაპირებ გადადგომას. ვთხოვე საარჩევნო კომისიას, დაიწყოს არჩევნების პროცესი, სადაც მე წარმოვადგენ საკუთარ კანდიდატურას. შეიქმნა აბსურდული სიტუაცია, რაც გამოიწვია რამდენიმე კამპანიამ, რომელიც მიმართული იყო „რეალისა“ და განსაკუთრებით ჩემ წინააღმდეგ. ისინი სარგებლობენ მომენტით, რათა პირადად მე შემიტიონ. „სად არის ფლორენტინო?“ – ამბობენ ისინი… ამბობენ, რომ მე არ ვარსებობ, რომ მე ავად ვარ და კიბო მაქვს.
ყოველდღე ვაგრძელებ „რეალისა“ და ჩემი კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელიც მსოფლიო ლიდერია ინფრასტრუქტურაში და წელიწადში 50-მილიარდიანი ბრუნვა გააჩნია. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში მაქვს, არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ჭორი.
ვიზიარებ იმედგაცრუებას იმის გამო, რომ ამ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ. მე პირველი ვარ, ვისაც ყველაფრის მოგება სურს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩემი პრეზიდენტობისას 66 ტიტული მოვიგეთ ფეხბურთსა და კალათბურთში.
ამბობენ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩუმად ემზადებიან, რათა საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ არჩევნებზე. მათ შეუძლიათ, ეს გააკეთონ. მე ვაძლევ მათ ამ შესაძლებლობას. მე თავად ვაპირებ დავაყენო საკუთარი კანდიდატურა არჩევნებზე, რათა დავიცვა „რეალის“ ინტერესები“, – განაცხადა პერესმა.