„გიგანტის“ გული, თორნიკე შენგელიამ საქართველოს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი მისცა – ფიბა ნაკრების კაპიტნის შესახებ წერს #1TVSPORT

14:31, 27.11.2026

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა და საბერძნეთის წინააღმდეგ მის გამორჩეულ თამაშს გამოეხმაურა.

საქართველოს ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი სტუმრად, დამატებით დროში 92:88 დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეორედ გასვლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

35 წლის ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 44 წუთი გაატარა, რა დროშიც 25 ქულა, 11 მოხსნა, ხუთი შედეგიანი გადაცემა და ორი დაფარება დააგროვა. დამატებითი დროის ბოლო 16 წამში შენგელიამ ოთხი საჯარიმო ტყორცნა ზუსტად შეასრულა.

„თორნიკე შენგელიამ საკუთარ შესაძლებლობებსაც გადააჭარბა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ეს კიდევ ერთხელ გააკეთა. 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან წარმოუდგენელი მატჩი ჩაატარა და საქართველოს ნაკრებს საბერძნეთში, ოვერტაიმში სასწაულებრივი გამარჯვება (92:88) მოაპოვებინა, რითაც გუნდმა კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა.

შენგელია ყველგან იყო. როგორც ყოველთვის, მისი მოქმედებები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებდა.

35 წლის კალათბურთელმა დაძაბულ შეხვედრაში, რომლის გამარჯვებულიც ოვერტაიმში გამოვლინდა, მოედანზე 43 წუთი და 48 წამი გაატარა. მან მოედანი მხოლოდ მესამე მეოთხედის შუაში, იდაყვის პრობლემის გამო დატოვა.

შენგელიამ ის გააკეთა, რაც მისთვისაა დამახასიათებელი – 25 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება. მათ შორის იყო ოთხი უმნიშვნელოვანესი საჯარიმო ტყორცნა, რომლებიც ოვერტაიმის დასასრულს, ბოლო 16 წამში გამოიყენა.

ამ საჯარიმოებიდან ორი მატჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდის შედეგი იყო – საჯარიმო ტყორცნის დროს კოსტას ანტეტოკუნმპომ შენგელიას წინააღმდეგ არასპორტული ჯარიმა მიიღო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე შენგელიას გვერდით მრავალი წელია თამაშობს, მას შემდეგ, რაც 2013 წელს ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შედგა. თუმცა ის, რაც შენგელიამ ათენში გააკეთა, სრულიად სხვა დონე იყო.

ვიდრე სანაძე მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე შენგელიას შესახებ ისაუბრებდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა მას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა თორნიკესგან ამის თქმის ნებართვა.

„ის ისეთი ადამიანია, რომელიც ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ მინდა, ეს ვთქვა. ის ძალიან ბევრ ისეთ რამეს აკეთებს, რაზეც არავინ საუბრობს. გუშინ (ოთხშაბათს) წარმოუდგენლად რთული მატჩი ჰქონდა, შემდეგ აქ გამოფრინდა და დაახლოებით დილის სამ საათზე ჩამოვიდა.

მას ბებია გარდაეცვალა. ამის მიუხედავად, მოედანზე გამოვიდა და თითოეული ჩვენგანისთვის მთელი სული და გული ჩადო თამაშში“, – განაცხადა სანაძემ „დუბაის“ გამოცდილ კალათბურთელზე საუბრისას.

სანაძემ, რომელიც ემოციების შეკავებას ცდილობდა, დასძინა:

„ვიდრე საქართველოს ნაკრების მაისური მაცვია, ყოველთვის საქართველოსთვის ვითამაშებ, მაგრამ დღეს თორნიკესთვის ვთამაშობდი. ძალიან მინდოდა, ეს მატჩი თორნიკესთვის მოგვეგო. მადლობა ღმერთს, რომ ეს შევძელით“.

თორნიკე შენგელიას შესახებ ალექსანდარ ჯიკიჩმაც ისაუბრა:

„თორნიკეზე არ ვიცი, რა ვთქვა. მისი დასვენებისთვის გარკვეული მეთოდები გვაქვს შემუშავებული – ამისთვის წუთშესვენებებს, საჯარიმო ტყორცნებსა და ვიდეოგამეორების მოთხოვნის დროს ვიყენებთ. თუმცა მან წინა საღამოს ითამაშა, სასტუმროში დილის ოთხ საათზე მივიდა და დღეს მოედანზე 44 წუთი გაატარა. სათადარიგოთა სკამზე კი მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ იდაყვის პრობლემა ჰქონდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვეკითხებოდი, სჭირდებოდა თუ არა შეცვლა, მპასუხობდა, რომ კარგად იყო. საბოლოოდ, მან 25 ქულა დააგროვა. ხალხო, არ ვიცი, რა ვთქვა“.

სერბი სპეციალისტი, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2024 წლის იანვარში დაინიშნა, გუნდში მუშაობის სამ წელს უახლოვდება და თავს იღბლიანად მიიჩნევს, რომ მის გუნდში 23-ნომრიანი კალათბურთელი თამაშობს.

„ჩემი სამუშაო უფრო მარტივია, რადგან ასეთი ადამიანის მწვრთნელი ვარ. ჩემი კალათბურთელების ცხოვრებაც უფრო მარტივია, რადგან მათ ასეთი კაპიტანი ჰყავთ“.

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მისი კაპიტანია, რომელიც წარმოუდგენელი გზებით კვლავ ახერხებს საკუთარი მიღწევების გადაჭარბებას“, -წერს ფიბა-ს ოფიციალური საიტი.

მსგავსი