ვოუთერ კარტიე - ყველა ვთანხმდებით ციფრული ტექნოლოგიების როლზე დღევანდელ მედიაში, სწორედ ამიტომ ვართ საქართველოში, რომ დიგიტალიზაციის პროცესში გამოვკვეთოთ საზოგადოებრივი არხის როლი
ვოუთერ კარტიე - ყველა ვთანხმდებით ციფრული ტექნოლოგიების როლზე დღევანდელ მედიაში, სწორედ ამიტომ ვართ საქართველოში, რომ დიგიტალიზაციის პროცესში გამოვკვეთოთ საზოგადოებრივი არხის როლი

საქართველოს პირველ არხზე საკმაოდ ბევრი რამ კეთდება დიგიტალიზაციის მიმართულებით, როგორც ვხედავთ, სრულ ტექნიკურ გადაიარაღებაზე დიდი ძალისხმევა იხარჯება, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ციფრული ტრანსფორმაციისა და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელმა, ვოუთერ კარტიემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან დღეს გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე ისაუბრეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან, რომელსაც კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და ფუნქცია პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესში.
ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებელი, განსაკუთრებით ციფრულ სამყაროში. ყველა ვთანხმდებით ციფრული ტექნოლოგიების როლზე დღევანდელ მედიაში, ჩვენც სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ დიგიტალიზაციის პროცესში გამოვკვეთოთ საზოგადოებრივი არხის როლი. დღეს ასევე გვქონდა შესაძლებლობა, დაგვეთვალიერებინა საქართველოს პირველი არხის ახალი სტუდიები და საეთეროები. გავეცანით, თუ როგორ მიმდინარეობს სრული დიგიტალიზაციის პროცესი. საკმაოდ ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით, როგორც ვხედავთ, სრულ ტექნიკურ გადაიარაღებაზე დიდი ძალისხმევა იხარჯება და ამის შემდგომ უკვე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების აუდიტორიაზე მორგება. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტია მაყურებელი, რომელსაც უნდა ემსახურო ციფრული სამყაროსგან მოცემული შესაძლებლობების გამოყენებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მაყურებლის უკეთ ინფორმირება, გართობა, შთაგონება, ასევე ემსახუროს მაყურებელს და იმ ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ“, – განაცხადა ვოუთერ კარტიემ.

საქართველოს პირველ არხს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია სტუმრობს. ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციის და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი ვოუთერ კარტიე საქართველოში შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან მართავენ. პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია დღეს ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდნენ.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის შეფასებაა, რის შემდეგაც დაიგეგმება იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც მაუწყებელს არსებული გამოწვევების დაძლევაში და ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენტული პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი და ორგანიზაციასთან მჭიდრო, მრავალმხრივი და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს.

დატოვე კომენტარი