პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდნენ

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდნენ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩთან ვიზიტი ეხებოდა პოლარიზებულ გარემოში საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოწვევებს, სამომავლო გეგმებს და მის როლს დემოკრატიის გაძლიერებაში.

EBU-ს წარმომადგენლებმა საქართველოში შეხვედრები გამართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და ევროპის საბჭოს წარმომადგენელთან.

საქართველოს პირველ არხს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია სტუმრობს. ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციის და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი ვოუთერ კარტიე საქართველოში შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან მართავენ. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის შეფასებაა, რის შემდეგაც დაიგეგმება იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც მაუწყებელს არსებული გამოწვევების დაძლევაში და ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენტული პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრია და ორგანიზაციასთან მჭიდრო, მრავალმხრივი და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს.