ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცალკეულ ქვედანაყოფებს შორის დაპირისპირებას „სრულიად სამარცხვინო” უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცალკეულ ქვედანაყოფებს შორის მომხდარ დაპირისპირებას „სრულიად სამარცხვინო” უწოდა.
„გენერალური პროკურორი და სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო ყველა დეტალს გაარკვევენ. შემოწმდება ამ ამბის მონაწილეთა ყველა ჩვენება და განცხადება, ასევე – მთელი სიტუაცია ეტაპობრივად. მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მათ შორის, სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა მომხდარში მონაწილე პირებთან დაკავშირებით საკადრო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ასევე, ორივე სამსახურში უნდა ჩატარდეს შიდა გამოძიება. აქ, უკრაინაში, სროლა მხოლოდ უკრაინის დასაცავად, რუსი ოკუპანტების მიმართულებით არის შესაძლებელი. ნებისმიერი სხვა სახის სროლა ჩვენს სახელმწიფოში არასოდეს იქნება აღქმული ისე, თითქოს ვინმეს ამის უფლება აქვს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინული მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში, დნეპროვსკის რაიონში სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღიარა კიევში იარაღის გამოყენება, თუმცა დაზვერვის მთავარი სამმართველო ოპერატიულ ძალებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.