ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პარლამენტს მიმართა - ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პარლამენტს მიმართა - ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს მიმართა.

ზელენსკიმ ესპანელ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, მისი თქმით, მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს.

„მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერის, მაგრამ ჩვენ, ყველამ ევროპაში, მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმაც დაიწყოს მშვიდობის ძიება; რომ რუსეთმა დაიწყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. რა არის ამისთვის საჭირო? ყველამ ევროპაში უბრალოდ, უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიში. შეწყვიტონ, იყვნენ სუსტები. უნდა გახდნენ ძლიერები. დააყენონ ღირებულებები და დემოკრატია მაღლა, იმ საფრთხეებზე მაღლა, რასაც რუსეთი ავრცელებს.

რუსეთი ჩვენს მიწაზე საომრად არც გუშინ და არც გუშინწინ მოსულა. ჩვენ საშინელი აგრესიისგან თავს 2014 წლიდან ვიცავთ. ჯერ ჩვენი ყირიმის ოკუპაცია, შემდეგ ომი დონბასში, ახლა სრულმასშტაბიანი შემოჭრის 41-ე დღეა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე საშინელი ომისა ევროპაში. რუსული სახელმწიფო მოდელი არ ითვალისწინებს იმას, რაც ბუნებრივია ჩვენთვის. რუსეთს სურს, ისე გააკეთოს, რომ ჩვენს რეგიონში მხოლოდ ერთი წესრიგი იყოს დომინანტი – ტირანია; რომ ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა განადგურდეს; რომ შეუძლებელი გახდეს საერთო ენის გამონახვა. ზუსტად ასეა ახლა რუსეთში. ზუსტად ასე უნდა მას უკრაინაში მოქცევა, შემდეგ კი, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. რა იქნება შემდეგ? ვიცი, რომ თქვენთვის, ესპანეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული სისტემა დაცული იყო; რომ ევროპის კონტინენტზე მშვიდობა გარანტირებული იყოს.

უბრალოდ, წარმოიდგინეთ – უკრაინაში დედები ბავშვებს ზურგზე აწერენ ახლობლების ტელეფონის ნომრებს. რატომ? იმიტომ, რომ ოკუპანტები ბავშვებს მშობლებს თუ მოუკლავენ, მათ პატარა შანსი მაინც დარჩეთ, რომ ბავშვებს ვინმე მოუვლის. წარმოიდგინეთ, რომ ახლა ევროპაში ხალხი ცხოვრობს სარდაფებში იმისთვის, რომ გადარჩნენ. 2022 წელია, აპრილი – უკრაინაში კი ისეთი რეალობაა, როგორიც 1937 წელს იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქი მარიუპოლი სამ კვირაზე მეტია, ალყაში მოაქციეს. ზელენსკის თქმით, ისინი ქალაქს სრულად ანადგურებენ.

„იქ აღარაფერი დარჩა. ქალაქის 90 პროცენტი განადგურებულია. რუსულმა ავიაციამ მარიუპოლში ის შენობაც კი დაბომბა, სადაც ზუსტად იცოდნენ, რომ ბავშვები იყვნენ. უკრაინა ამის შესახებ ყვება ყოველდღე, მაგრამ ომი გრძელდება, რუსეთი არ ეძებს მშვიდობას. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი.

ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო ძლიერი სანქციები, ყველაზე ძლიერი. როგორ შეიძლება, რუსულ ბანკებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიმუშაონ შემოსავალი მაშინ, როცა უკრაინის ქალაქებში რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ; როგორ შეუძლიათ, ევროპულ კომპანიებს ივაჭრონ სახელმწიფოსთან, რომელიც შეგნებულად ანადგურებს ჩვენს ერს?“ – განაცხადა ზელენსკიმ.