ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა - მე მაქვს ოცნება, ჩაიკეტოს ცა, რათა გადარჩეს ჩემი ხალხი, რომელიც რუსულ აგრესიას მესამე კვირაა, იგერიებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს სიტყვით მიმართა.
ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის ცა ჩაკეტონ. მან კონგრესს მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით მიმართა: „მე მაქვს ოცნება“, რომ ჩაიკეტოს ცა, რათა გადარჩეს ჩემი ხალხი, რომელიც რუსულ აგრესიას მესამე კვირაა, იგერიებს“.
ზელენსკიმ ამერიკელებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად 13 მილიარდ-ნახევარი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. კანონპროექტი მანამდე კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა. ასევე, ვაშინგტონი უკრაინას სამხედრო სფეროში 800-მილიონიან დახმარებას დაპირდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა იმ უდიდესი ტერორის ქვეშაა, რაც ამერიკამ პერლ ჰარბორზე თავდასხმისა და 11 სექტემბრის ტერაქტის დროს განიცადა.
„გაიხსენეთ პერლ ჰარბორი, გაიხსენეთ 11 სექტემბერი, 2001 წლის დღე, როცა ბოროტება თქვენს ქალაქს თავს დაესხა და უდანაშაულო მოქალაქეები დახოცა. ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ამას განიცდის, სამი კვირაა. ოდესა, ჟიტომირი, დნეპრი და სხვა ქალაქები, სადაც რუსეთის ჯარები ხალხს მიზანში იღებს და ხოცავს. რუსული ბომბები გვხოცავს. ესაა ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია, არ უნახავს. ნუთუ, ბევრს გთხოვთ, ჩაკეტეთ ცა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენი ხოცვა. ნუთუ ბევრს გთხოვთ?! ან მაშინ ალტერნატივა შემოგვთავაზეთ იმისთვის, რომ დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ევროპა. „მე მაქვს ოცნება“ და ამ სიტყვებს თქვენ კარგად იცნობთ; ჩემი ოცნებაა, ჩაკეტოთ ცა; ჩემი ოცნებაა ეს, რათა დავიცვა ჩემი ხალხი. უკრაინა მადლობას უხდის ამერიკას დახმარებისთვის, რასაც გვიწევთ სხვადასხვა სფეროში. მადლობა, რომ ეკონომიკურ წნეხს ახორციელებთ რუსეთზე. მადლობელი ვარ რეზოლუციისთვის, რომელიც სამხედრო დანაშაულად აფასებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინის ტერიტორიაზე. ახლა გთხოვთ, რომ მეტი გააკეთოთ, მეტი სანქციები, რათა შეჩერდეს ეს აგრესია, შეჩერდეს ტერორი. ეს სანქციები უნდა გაგრძელდეს, ვიდრე რუსეთის მკვლელი მანქანა შეჩერდება. ამერიკის სანქციებმა უნდა ამოიღოს მიზანში რუსეთის ყველა პოლიტიკოსი, რომლებიც ახლა ოფისებში სხედან და ამ ომს მშვიდად უყურებენ. ყველა დასავლურმა კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს რუსეთი. გთხოვთ, ქალბატონებო და ბატონები, თუ თქვენ გაქვთ ამ კომპანიებთან კავშირი, მოუწოდეთ მათ, რომ რუსეთი დატოვონ. ყველა დასავლური ბაზარი უნდა ჩაიკეტოს რუსული პროდუქციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.