ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა საშიში დანაშაულია ადამიანების სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ, ამაზე „ამნესთი ინთერნეიშენალის“ დუმილი მიუთითებს ორგანიზაციის მანიპულაციურ შერჩევითობაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა საშიში დანაშაულია ადამიანების სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ, ამაზე „ამნესთი ინთერნეიშენალის“ დუმილი მიუთითებს ორგანიზაციის მანიპულაციურ შერჩევითობაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დამპყრობელთა ბაზების განადგურებაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ჩვენმა დაზვერვამ მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს რუსული არმიის ლოჯისტიკის, დამპყრობლების ზურგში მდებარე ბაზების განადგურებაში. ყოველი დარტყმა მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალების საწყობებზე, მათ სამეთაურო პუნქტებზე, რუსული ტექნიკის თავმოყრის ადგილზე გადაარჩენს ყველას სიცოცხლეს, უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებასაც შეეხო და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი” აღნიშნულთან დაკავშირებით დუმილში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ვითარების მნიშვნელოვანი გამწვავება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ. რუსი ტერორისტები მსოფლიოში პირველები გახდნენ, ვინც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური ტერორისთვის გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დანაშაული უკრაინელებისა და ყველა ევროპელის წინააღმდეგ, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ. რატომღაც არ არსებობს ამის შესახებ ანგარიში ან თუნდაც უბრალოდ განცხადება „ამნესთი ინთერნეიშენალისგან“. ძალიან მჭევრმეტყველური დუმილი კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ორგანიზაციის მანიპულაციურ შერჩევითობაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.