ვოლოდიმირ ზელენსკი - თვითმფრინავების კიევისთვის გადაცემის საკითხის გაჭიანურების ფასი არის ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, რომელთაც ვკარგავთ სარაკეტო დარტყმების შედეგად
ვოლოდიმირ ზელენსკი - თვითმფრინავების კიევისთვის გადაცემის საკითხის გაჭიანურების ფასი არის ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, რომელთაც ვკარგავთ სარაკეტო დარტყმების შედეგად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედგაცრუებულია, რომ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს აქვთ, კიევს ამ დრომდე არ გადასცეს. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას გააკეთა.

„პარტნიორებს თუ არ შეუძლიათ უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და ტანკების გადაცემა, არადა ასეთი შესაძლებლობა მათ აქვთ, არსებობს მაღალი რისკი, რომ რუსული სამხედრო ძალები შექმნიან არა მხოლოდ სარაკეტო საფრთხეს ჩვენი მეზობლებისთვის – მეგობარი პოლონეთისთვის, სლოვაკეთისთვის, უნგრეთისთვის, რუმინეთისთვის და ბალტიის სახელმწიფოებისთვის, არამედ ზოგადად, სამხედრო საფრთხეს; მათ საზღვრებზე, ქალაქებთან და წინ წავლენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, „თვითმფრინავების გადაცემის საკითხის გაჭიანურების ფასი არის ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, რომელთაც ვკარგავთ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად“.

ზელენსკის თქმით, თვითმფრინავები, ტანკები და შორ მანძილზე მოქმედი ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები საშუალებას მისცემს უკრაინას, რეალურად დაიცვას თავისუფლება და გარდატეხა შეიტანოს საბრძოლო მოქმედებებში.