ვოლოდიმირ ზელენსკი - კრემლში თუ ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია
უკრაინის პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება მაქსიმალურად მკაფიო, არავის აქვს უფლება, გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„თუ სადღაც კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში: ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინული საკვები არის ძირითადი უსაფრთხოება 400 მილიონი ადამიანისთვის.
„მე გავუგზავნე ოფიციალური წერილები თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს, გუტერეშს წინადადებით, გაგრძელდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ან მისი ანალოგი სამმხრივ ფორმატში – როგორც ეს უკეთესი იქნება. უკრაინას, გაერო-სა და თურქეთს შეუძლიათ, ერთობლივად უზრუნველყონ დერეფნის ფუნქციონირება და გემების ინსპექტირება. ეს აუცილებელია ყველასთვის მთელ მსოფლიოში, და ყველა, ვინც ამ ინიციატივას მხარს უჭერს, გახდება სიცოცხლის მხსნელი უზარმაზარ ტერიტორიაზე მაროკოდან ჩინეთამდე, ინდონეზიიდან ლიბანამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თითოეულ მაშველს, თითოეულ პოლიციელს, მოხალისესა და ექიმს, ვინც უკრაინელი ხალხი რუსული თავდასხმის შემდეგ გადაარჩინა.