ვოლოდიმირ ზელენსკი – კრემლში თუ ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია

00:38, 18.07.2023

უკრაინის პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება მაქსიმალურად მკაფიო, არავის აქვს უფლება, გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„თუ სადღაც კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში: ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული საკვები არის ძირითადი უსაფრთხოება 400 მილიონი ადამიანისთვის.

„მე გავუგზავნე ოფიციალური წერილები თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს, გუტერეშს წინადადებით, გაგრძელდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ან მისი ანალოგი სამმხრივ ფორმატში – როგორც ეს უკეთესი იქნება. უკრაინას, გაერო-სა და თურქეთს შეუძლიათ, ერთობლივად უზრუნველყონ დერეფნის ფუნქციონირება და გემების ინსპექტირება. ეს აუცილებელია ყველასთვის მთელ მსოფლიოში, და ყველა, ვინც ამ ინიციატივას მხარს უჭერს, გახდება სიცოცხლის მხსნელი უზარმაზარ ტერიტორიაზე მაროკოდან ჩინეთამდე, ინდონეზიიდან ლიბანამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თითოეულ მაშველს, თითოეულ პოლიციელს, მოხალისესა და ექიმს, ვინც უკრაინელი ხალხი რუსული თავდასხმის შემდეგ გადაარჩინა.

მსგავსი