ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორები თუ არ დაუშვებენ ახალ რუსულ პროვოკაციებს, მსოფლიოსთვის ასე საშიში სასურსათო კრიზისის დაძლევა შეიძლება
ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორები თუ არ დაუშვებენ ახალ რუსულ პროვოკაციებს, მსოფლიოსთვის ასე საშიში სასურსათო კრიზისის დაძლევა შეიძლება

უკრაინის პორტებიდან გასულ გემებზე 60 000 ტონა სიმინდია, რომელსაც თურქეთი, ბრიტანეთი და ირლანდია ელოდებიან; თუ პარტნიორები არ დაუშვებენ ახალ რუსულ პროვოკაციებს, მსოფლიოსთვის ასე საშიში სასურსათო კრიზისის დაძლევა შეიძლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მარცვლეულისა და ზეთის მოსავალი სავარაუდოდ პროგნოზებს დააკმაყოფილებს – მოსალოდნელია 65 მილიონ ტონაზე მეტი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკულ ბაზარზე და განსაკუთრებით ევროპელი მომხმარებლისთვის რუსეთის ცინიკური და გათვლილი გაზის შანტაჟის გამო, ვითარება კვლავ ძალიან საშიშია, რიგითი ევროპელები კიდევ უფრო დაზარალდებიან და კონტინენტზე ზამთრისთვის მომზადება კიდევ უფრო რთული იქნება.

„ეს არის შეგნებული ანტიევროპული პოლიტიკის, რუსეთის ანტიადამიანური პოლიტიკის გამოვლინება და ევროპელების ძველი შეცდომების შედეგი, რომლებსაც არ სურდათ, დაენახათ, რომ „გაზპრომი“, რუსული გაზსადენები უკრაინის გვერდის ავლით – რუსეთისთვის ეს იგივე იარაღია, რაც ტანკები და არტილერია და მათთვის სამიზნე თითოეული ჩვენგანია, ყველა ევროპაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში დაადანაშაულა.

„დღეს ოკუპანტებმა მთელი ევროპისთვის კიდევ ერთი უკიდურესად სარისკო ვითარება შექმნეს – დაბომბეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ორჯერ. ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ჩვენს კონტინენტზე. და ამ ობიექტის დაბომბვა არის ღია და თავხედური დანაშაული, ტერორისტული აქტი. რუსეთი უნდა იყოს პასუხისმგებელი ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის შექმნის ფაქტზე. და ეს არ არის მხოლოდ მორიგი არგუმენტი რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარების სასარგებლოდ. ეს არის არგუმენტი მკაცრი სანქციების გამოყენების სასარგებლოდ მთელი რუსული ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ, „როსატომიდან“ დაწყებული, ყველა დაკავშირებული კომპანიისა და ფიზიკური პირის მიმართ. ეს არის წმინდა უსაფრთხოების საკითხი. მას, ვინც ბირთვულ საფრთხეებს უქმნის სხვა ერებს, ნამდვილად არ შეუძლია ბირთვული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენება“, – თქვა ზელენსკიმ.