ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, სადაც ევაკუაციის მოლოდინში ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფებოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, სადაც ევაკუაციის მოლოდინში ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფებოდა

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო კომპლექს „ტოჩკა უ-დან“ განახორციელეს დარტყმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციას ელოდებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.

ზელენსკი თავის გვერდზე აქვეყნებს სარაკეტო იერიშის ადგილზე გადაღებულ მძიმე ფოტო და ვიდეომასალას, სადაც ბევრი ცხედარი ჩანს. ზელენსკი წერს, რომ დაღუპულია დაახლოებით 30 და დაშავებულია 100 ადამიანი.

„ოკუპანტებმა „ტოჩკა უ-თი“ დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფებოდა ევაკუაციის მოლოდინში… 30-მდე დაღუპული, 100-მდე ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით. პოლიცია და მაშველები ადგილზე არიან. რუსი მხეცები არ ამბობენ უარს თავიანთ მეთოდებზე, რადგან მათ არ ჰყოფნით ძალა და გამბედაობა, წინააღმდეგობა გაგვიწიონ ბრძოლის ველზე. ისინი ცინიკურად ანადგურებენ სამოქალაქო მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც ზღვარი არ აქვს. თუ ის არ დაისჯება, ის არასდროს გაჩერდება“, – წერს ზელენსკი.

რუსეთის ძალებმა დონეცკის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმები დღეს განახორციელეს.