ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთადერთი, რასაც რუსეთი იმსახურებს, დამარცხება და ტრიბუნალია ყველა რუსი მკვლელის, ტერორისტის წინააღმდეგ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთადერთი, რასაც რუსეთი იმსახურებს, დამარცხება და ტრიბუნალია ყველა რუსი მკვლელის, ტერორისტის წინააღმდეგ

ტერორის ყოველი გამოვლინება ამტკიცებს, რომ ერთადერთი, რასაც რუსეთი იმსახურებს, დამარცხება და ტრიბუნალია ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას გააკეთა.

„ზუსტად კრემენჩუკზე, სავაჭრო ცენტრზე რუსი ტერორისტების თავდასხმის წლისთავზე, როცა 22 ადამიანი დაიღუპა, რუსმა ველურებმა ისევ კრემენჩუკის რაიონს რაკეტები დაუშინეს. დღეს. რუსმა ტერორისტებმა ასევე სასტიკად დაბომბეს კრამატორსკი. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყოველი ასეთი ტერორი არაერთხელ უმტკიცებს მსოფლიოს,რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის გამო, რასაც აკეთებს – დამარცხებას, ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლო პროცესს ყველა რუსი ტერორისტის წინააღმდეგ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ეხმარება უკრაინელი ხალხის დაცვაში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ყველა ამერიკელს ახალი თავდაცვის პაკეტისთვის.

რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში განახორციელა. რაკეტა ქალაქის ცენტრში მდებარე ხალხმრავალ რესტორანს დაეცა. სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 42-ს აღემატება.