ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დრონები 3000 კილომეტრზე მეტ მანძილზე იფრენენ, უფრო შორს წავალთ, ვიცით, სად მდებარეობს რუსეთის ყველა სამხედრო ობიექტი, ქარხანა, ნავთობის, გაზის საწყობი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულ დრონებს 3000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეეძლებათ და, ამასთან, კიევი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების დიაპაზონს გაზრდის.
მისივე თქმით, ომმა ახლა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა და უკრაინას სჭირდება იარაღი, რომელსაც შეუძლია, მოწინააღმდგეს დარტყმა უფრო დიდ მანძილზეც მიაყენოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს აქვს ინფორმაცია, თუ სად მდებარეობს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები.
„ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ჩვენმა თავდაცვის ინდუსტრიამ, ჩვენმა თავდაცვის ძალებმა, ჩვენმა წარმოებამ სწორედ ეს პროცესი დაიწყო – ომის დაბრუნება რუსეთში. ეს მოხდება. ისინი ყოველდღე გვიტევენ და ჩვენ ყოველდღე ვუპასუხებთ. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად იქნება გაძლიერება. გუშინ ჩვენ საპასუხო დარტყმა განვახორციელეთ ტიუმენის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სიმართლე გითხრათ, ჩვენი დრონები სამიზნეს 2070 კმ მანძილზე ხვდება. მათი მარშრუტი 2500 კილომეტრი იყო. ისინი 3000 კმ-ზე მეტ მანძილზე იფრენენ – ეს ახალი დრონებია, კარგი დრონები. ჩვენ უფრო შორს წავალთ, რადგან ვიცით, სად მდებარეობს მათი ყველა სამხედრო ობიექტი, ქარხანა, ნავთობის საწყობი, გაზის საწყობი და ა.შ. ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელსაც შეუძლია უფრო დიდ მანძილზე დარტყმა და ჩვენ ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 20 ივნისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში, ტიუმენში, უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე.