ვოლოდიმირ ზელენსკი – არ შეიძლება, ახლა უკრაინას სუსტი პრეზიდენტი ჰყავდეს, რა თქმა უნდა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, შესაძლოა, ისეთი დიდი ჰუმანისტი არა, როგორიც პუტინია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელიც ომის ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე გაყინვას ითვალისწინებს, თუმცა, მისი თქმით, უკრაინა არ დათანხმდება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ მზად ვართ, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ, კონფლიქტი ფრონტის ხაზზე ახლავე გავყინოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა ის შეთანხმების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის 25%-ის დათმობას, ზელენსკიმ უარყოფითი პასუხი გასცა. მისი განმარტებით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის უფრო მცირე ნაწილი აქვს ოკუპირებული.
„როდესაც ვინმე 25%-ზე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად დონბასზე უნდა ვთქვათ უარი. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები ტერიტორიის 25%-ს გააკონტროლებენ. ამჟამად ისინი 19,3%-ს აკონტროლებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაწეული პარტნიორობისთვის შეერთებული შტატების მადლიერია, თუმცა აღიარა, რომ თავად ყოველთვის თავაზიანი არ არის.
„ახლა არ შეიძლება, უკრაინას სუსტი პრეზიდენტი ჰყავდეს. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალოდ ადამიანი. შესაძლოა, ისეთი დიდი ჰუმანისტი არ ვარ, როგორიც პუტინია“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპთან ურთიერთობის თავისებურებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან პირდაპირი და გულწრფელია.
„მეგობრებს შორის, ისევე როგორც ოჯახში, გულწრფელი უნდა იყო და არ უნდა ითამაშო. ტრამპთან თამაშებს არ ვთამაშობ. სწორედ ეს განსხვავებაა ჩემსა და პუტინს შორის. მასთან არანაირ თამაშს არ ვთამაშობ. პირდაპირი და გულწრფელი ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინმა ტრამპს აშშ-სა და უკრაინას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტა სთხოვა, ზელენსკიმ უპასუხა: „არ ვიცი. მჯერა და იმედი მაქვს, რომ არა“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჰუმანისტი უწოდა.
„თქვენ ხშირად საუბრობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია, თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო, და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ“, – აღნიშნა უიტკოფმა.