ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა პოლონეთს ელექტროენერგიის ექსპორტით დაეხმარება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა პოლონეთს ელექტროენერგიის ექსპორტით დაეხმარება

უკრაინა პოლონეთს ელექტროენერგიის ექსპორტით დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პოლონეთმა უკრაინას მიმართა თხოვნით, დაეხმაროს ელექტროენერგიის ექსპორტით, რაც უზრუნველყოფილი იქნება.

„პოლონეთმა მოგვმართა თხოვნით, რომ დავეხმაროთ ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, ელექტროენერგიის ექსპორტით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. პოლონელ ძმებს, რომლებიც პირველივე დღიდან გვეხმარებიან, ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს კიევში ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. ზელენსკის თქმით, შეხვედრისას მათ განიხილეს ასევე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე რიგების საკითხი. მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ამ პრობლემას გადაწყვეტენ. ტექნიკურ დეტალებს უკრაინისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები შეათანხმებენ.

ზელენსკის თქმით, მორავიეცკისთან ასევე განიხილა საერთო საბაჟო კონტროლის, გამშვები პუნქტების გაფართოება და საფოსტო გზავნილების გამარტივების საკითხი.

„მე მივმართე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს საფოსტო გზავნილების ფასის შემცირების წინადადებით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ყველასთვის, ვინც ახლა საჭიროებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა ზელენსკიმ.