ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა იქნება, რომლის კანდიდატურასაც უმაღლეს რადას დასამტკიცებლად მალევე წაურდგენს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა გახდება.
როგორც განცხადებაში წერია, ევგენი ხმარას კანდიდატურას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს მალე წარუდგენს.
„მე ევგენი ხმარას დავავალე, რომ მინისტრის მოვალეობა შეასრულოს, გააგრძელოს თავდაცვის რეფორმა და უზრუნველყოს, რომ უკრაინამ ყველა იმ შედეგს მიაღწიოს, რაც განვიხილეთ“, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.
ევგენი ხმარა ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია.
ცნობისთვის, უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. როგორც ფედოროვმა განაცხადა, შეეჯახა სიტუაციას, როდესაც სირსკიმ მისი ინიციატივების დაბლოკვა დაიწყო.
„სირსკი, იმ ყველა პრობლემის გათვალისწინებით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მზად არ არის, პირისპირ ისაუბროს პრობლემების შესახებ. სირსკი მზად არის, პირადად დაესწროს შეხვედრებს, მოაწყოს ინტრიგები, იფიქროს, რომ ვიღაცამ მედიაში კამპანია შეუკვეთა, ნაცვლად იმისა, პრობლემა მიმდინარე ქმედებებში დაინახოს“, – განაცხადა ფედოროვმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიხაილო ფედოროვისა და ალექსანდრ სირსკის კონფლიქტი სისტემური ხასიათისაა და არ არის განპირობებული მხოლოდ პიროვნული შეუთავსებლობით.
უკრაინის მთავრობაში ცვლილებები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, უკრაინის მთავრობაც გადადგა. უმაღლესმა რადამ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა.