ვლადიმირ ზელენსკიმ სისხლის ანალიზის პასუხები გამოაქვეყნა
ვლადიმირ ზელენსკიმ სისხლის ანალიზის პასუხები გამოაქვეყნა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სისხლის ანალიზის პასუხები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მის სისხლში ნარკოტიკული საშუალებები არ აღმოჩნდა.

ვლადიმირ ზელენსკიმ და პეტრო პოროშენკომ სისხლის ანალიზი დღეს ჩააბარეს. ამ ტესტით უნდა გარკეულიყო, არიან თუ არა, პრეზიდენტობის კანდიდატები ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები. სისხლის ანალიზის ჩაბარების იდეა ზელენსკის ეკუთვნოდა.

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სისხლის ანალიზი კიევის ოლიმპიური სტადიონის სამედიცინო პუნქტში გაიკეთა. ეს სწორედ ის სტადიონია, სადაც კანდიდატების დებატები უნდა გაიმართოს.

პოროშენკომ ზელენსკის სისხლის ანალიზის ჩაბარება სტადიონის სამედიცინო პუნქტში შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ენდობოდა ლაბორატორიას და ტესტი სხვაგან გაიკეთა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მიიღო. მეორე ადგილზეა პეტრო პოროშენკო – 15,94%-ით. უკრაინის პრეზიდენტი 21 აპრილს, მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება.