ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს

უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტელეწამყვანმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი ამბობს, რომ პირადად ის მხარს უჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას, თუმცა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწვერიანების საკითხზე აუცილებელია რეფერენდუმის გამართვა.

„უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სად და რომელ კავშირში შევიდნენ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიიღეს და რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ მივდივართ, იყო წინასაარჩევნო ნაბიჯი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკვე შეხვდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ კურტ ვოლკერს და მხარს უჭერს მის გეგმას, რაც დონბასში სამშვიდობოების განთავსებას ითვალისწინებს. ზელენსკის თქმით, მისთვის მთავრია, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ  არასდროს დათმობს უკრაინის ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს და ამაზე მოლაპარაკებები არ გაიმართება. ზელენსკი მიიჩნევს, რომ მინსკის შეთანხმება არ მუშაობს და აუცილებელია მოლაპარაკებების გაფართოება.

მისივე თქმით, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიწვევა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მსახიობი და ტელეწამყვანი ვლადიმირ ზელენსკი ამჟამად ლიდერობს. მას ელექტორატის 24,9% უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო – 18,8%-ით, ხოლო უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო  17,4%-ით მესამეა.