კაია კალასი – რუსეთის მხრიდან კეთილი ნების არანაირი ნიშანი არ გვინახავს, ისინი ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკებების იმიტაციას ახდენენ

21:42, 09.11.2026

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვის საკითხზე რუსეთის მხრიდან „კეთილი ნების არანაირი ნიშანი არ ჩანს“. „როიტერის“ ინფორმაციით, კალასმა ამის შესახებ G7-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალასის თქმით, მოსკოვს ევროპული უსაფრთხოების საფუძვლად არსებული არაერთი შეთანხმებისთვის აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.

„ჯერჯერობით, ისინი მხოლოდ მოლაპარაკებების იმიტაციას ახდენენ, რადგან რუსეთის მხრიდან კეთილი ნების არანაირი ნიშანი არ გვინახავს. ისინი კიევს ბომბავენ, მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. მაშინ, როდესაც უკრაინელები ბრძოლის ველზე წინ მიიწევენ, რუსეთის მთელი ყურადღება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებზეა მიმართული, რათა მოახლოებული მკაცრი ზამთრის წინ ადამიანებს მაქსიმალური ტანჯვა მიაყენონ“, – განუცხადა კაია კალასმა სააგენტო „როიტერს“.

ამასთან, კაია კალასის განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე სამომავლო მოლაპარაკებებს ევროკავშირი საკუთარი ხელშეკრულებებისა და ინსტიტუციური სტრუქტურების შესაბამისად უნდა ხელმძღვანელობდეს და არა ამ მიზნით შექმნილი დროებითი ფორმატების ფარგლებში.

„ცხადია, დიდ ქვეყნებს სხვა დიდ ქვეყნებთან საუბარი სურთ. თუმცა, როდესაც საქმე ევროპული უსაფრთხოების საკითხებს ეხება, ევროკავშირს მოქმედების მკაფიო ჩარჩო აქვს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულებები“, – განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის 10-11 ნოემბერს სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილი. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციებიც დაესწრებიან.

მსგავსი