ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა უსასრულოდ ვერ იდგება ნატო-სა და ევროკავშირის მოსაცდელში, ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებებიდან საკითხის გადაწყვეტაზე უნდა გადავიდნენ
უკრაინა უსასრულოდ ვერ იდგება ნატო-სა და ევროკავშირის მოსაცდელში, ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებებიდან ამ საკითხის გადაწყვეტაზე უნდა გადავიდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გამოცემა „ლე ფიგაროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„დადგა ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლისა და ევროკავშირსა და ნატო-ში უკრაინის მიწვევის დრო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპელი ლიდერები უკრაინას ევროპული ოჯახის წევრად თვლიან, მაშინ ისინი შესაბამისად უნდა მოიქცნენ.
ინტერვიუს დროს ზელენსკიმ მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ემანუელ მაკრონს „უფრო კარგი ურთიერთობა“ აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ვიდრე მასთან. „და ეს მაშინ ხდება, როდესაც უკრაინას განსაკუთრებულად სჭირდება ევროპის მხარდაჭერა“, – დასძინა ზელენსკიმ.