ვლადიმირ ზელენსკი - ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე უკრაინას გარანტიების სისტემის მიღება სურს
ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე უკრაინას გარანტიების სისტემის მიღება სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ „ერბეკა უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ნატო უსაფრთხოების დღეს არსებული კავშირებიდან ერთადერთია, რომელში შესვლაც უკრაინას შეუძლია. იქ ჩვენთვის არის ღია კარის პოზიცია. თუმცა, ამ გზაზე დიდი მანძილია – წლები და თვეები, განსაკუთრებით, თუ იქნება ესკალაცია. ამ გზის გავლისას, ჩვენ გარანტიების სისტემა უნდა მივიღოთ. თუნდაც თეორიულად, ის არ უნდა ჩამოუვარდებოდეს იმ სისტემას, რომელსაც ნატო-ს წევრებს სთავაზობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მიუღებელი უწოდა რუსეთის მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-მ იურიდიული გარანტიები მისცეს მომავალში ალიანსში უკრაინის არმიღებასთან დაკავშირებით.
ამასთან, ზელენსკის სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრა შედეგს გამოიღებდა.
„პუტინთან შეხვედრა ნამდვილად განბლოკავს უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებს, რადგან პრეზიდენტებმა ამ შეხვედრაზე უნდა იპოვონ გამოსავალი. თავად შეხვედრა არის იმის სიგნალი, თუ რა სურთ მხარეებს. ჩვენ შევხვდით, ვთქვით ის, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუსმინეთ ერთმანეთს და მივხვდით, აქვს თუ არა აზრი, რომ შეხვდეთ ნახევარ წელიწადში და გავაგრძელოთ საუბარი. პრეზიდენტებს შეუძლიათ, გამოვიდნენ შეხვედრიდან და თქვან: „უახლოეს 5-10 წელი არაფერი გამოვა, ასეთი სიტუაციაა, ჩვენ დროს არა, სხვა თაობების დროს, მანამდე კი ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ომი, რომ ჩვენი სახელმწიფოები ვითარდებოდნენ სხვადასხვა პლანეტებზე იმის მიუხედავად, რომ ვცხოვრობთ ერთ დედამიწაზე“. ესეც უკრაინისთვის კარგი შედეგია, რადგან ყველაზე ცუდია გაურკვევლობაში ცხოვრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.