ვლადიმირ ზელენსკი დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
ვლადიმირ ზელენსკი დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

ზელენსკის განმარტებით, უკრაინაში რუსეთის ოკუპაცია და ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობები გრძელდება.

„2014 წლის მარტის შემდეგ, როდესაც რუსეთს დიდ რვიანში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა, არაფერი შეცვლილა. უკრაინის ნაწილი, ყირიმი ძველებურად ოკუპირებულია. დონბასი კი ომისგან იტანჯება“,- განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებამდე კი დონალდ ტრამპის ინიციატივა ევროკავშირმა დაგმო. დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპული გაერთიანება დიდ შვიდიანში რუსეთის ჩართვის წინააღმდეგ გამოვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნება ადეკვატური იქნებოდა, რადგან ბევრი საკითხი, რასაც იქ განიხილავენ, სწორედ რუსეთს უკავშირდება.

დიდი რვიანის ფორუმის წევრები – ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი იყვნენ, თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი ფორუმს გამოეთიშა.

დატოვე კომენტარი