დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნება ადეკვატური იქნებოდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნება ადეკვატური იქნებოდა

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნება ადეკვატური იქნებოდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მის წინამორბედს, ბარაკ ობამას „დიდი რვიანიდან რუსეთის გაძევება სურდა, რადგან პრეზიდენტმა პუტინმა მას ჭკუით აჯობა“.

„ვფიქრობ, რომ უფრო ადეკვატურია რუსეთი მისი წევრი იყოს. დიდი რვიანის ფორმატი უნდა არსებობდეს, რადგან ბევრი რამ, რაზეც იქ ვსაუბრობთ, სწორედ რუსეთს უკავშირდება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

დიდი რვიანის ფორუმის წევრები ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი იყვნენ, თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი ფორუმს გამოეთიშა.